ივლ 11
ევროპის სპორტის ქალაქი 2025 - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა
2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ, რაც კომისიამ სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ის წინაპირობები განმარტა, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა.
„ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენთვის. დღეს გვქონდა კანდიდატის სტატუსის დაცვა და წარვუდგინეთ პრეზენტაცია aces europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს. მიუხედავად ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურებისა, თბილისმა დღესვე მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა დედაქალაქში. პირველ რიგში, ეს არის შეცვლილი პოლიტიკა, ეს არის ძალიან ბევრი პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, აგრეთვე არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. რაც მთავარია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც თბილისის მერის ინიციატივაა და ძალიან სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე ხდება ამის აღიარება. ჩვენთვის ეს დიდი პატივია. მომავალ წელს, ორგანიზაციასთან ერთად ვგეგმავთ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას და გვაქვს სურვილი, რომ თბილისს ჰქონდეს უფრო აქტიური პარტნიორობა ევროპულ ქალაქებთან. პირველ რიგში, ეს არის ქალაქებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, საკონსულტაციო და საექსპერტო დახმარება, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს ქალაქს ახალ პროგრამებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით და რასაკვირველია, უმთავრესი არის ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.
ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. „ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.
ასევე იხილეთ
23 მაი 2024
ერთად მწვანე მომავლისთვის
დედამიწის დღე თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა გარემოზე მზრუნველ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა
23 მაი 2024
საჯომარდო ტურები
საზაფხულო პროგრამების ფარგლებში საჯომარდო ტურებით სრულიად უსასყიდლოდ 1000 -მდე ახალგაზრდამ ისარგებლა.
23 მაი 2024
საზაფხულო პროგრამები 2023
"საზაფხულო პროგრამები 2023“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში 4000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
12 ივნ 2024
"საზაფხულო პროგრამები 2024" იწყება!
ქალაქ თბილისის მერია ა(ა)იპ "სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად მასშტაბურ საზაფხულო პროგრამებს აანონსებს.
12 ივნ 2024
Youthtbilisi.ge და საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის გზამკვლევი
თუ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას გეგმავ, გაეცანი გზამკვლევს სარეგისტრაციო პროცესის შესახებ.